როგორ ახალისებს დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ კანონმდებლობასა და საზოგადოებაში არსებული სამედიცინო მოდელი

A+
A-

საქართველოში, საკმარისია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო, რომ უარი გეთქვას სისხლის დონაციაზე - ასე მიიჩნევს სამედიცინო დაწესებულება თავისი სამედიცინო პერსონალით, ასე მიიჩნევს კანონმდებლობა და ... სასამართლო.

2021 წლის დეკემბრის ბოლოს, მხედველობის არმქონე პირს, დამატებითი სამედიცინო შემოწმების გარეშე, უარი ეთქვა ყოფილიყო ოჯახის ახლობლის სისხლის დონორი. სამედიცინო დაწესებულება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით შემოიფარგლა და გადაწყვიტა, რომ მხედველობის არქონა, საკმარისი საფუძველია დონორობაზე უარის თქმისთვის. დაწესებულებას ზურგს კანონმდებლობა უმაგრებს, რომელსაც მხედველობიდან გამორჩენილი ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. 

დღემდე, ძალაშია ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 22 წლის წინ მიღებული  ბრძანება "სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენების განსაზღვრის შესახებ", რომელიც მოწყვეტილია თანამედროვე ადამიანის უფლების სტანდარტებს და მიიჩნევს, რომ დონორები არ შეიძლება იყვნენ მხედველობის არმქონე ადამიანები, პირები, რომლებსაც კიდურები აქვთ ამპუტირებული, ან "ყრუ-მუნჯები" არიან. აქვე განვმარტავთ, რომ ტერმინი "ყრუ-მუნჯი" სტერეოტიპულია ყრუ ადამიანების მიმართ, რადგან ისინი მუნჯები არ არიან. 

თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს ჩამორჩენილმა ბრძანებამ, მის პრაქტიკაში გამომყენებელ დაწესებულებას ფაქტობრივად საშუალება მისცა არამხოლოდ ბრძანებაში პირდაპირ ჩამოთვლილ პირებზე გაავრცელოს უარი, არამედ, გააფართოოს ეს წრე თავისი შეხედულებებისამებრ. მიუხედავად იმისა, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანები ამ ბრძანებაში ნახსენები არ არიან, სასამართლო პროცესზე სამედიცინო დაწესებულებამ განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა რა ტიპის შეზღუდვის მქონე ადამიანი მიმართავდა მათ ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისთვის.

ისინი ეტლით მოსარგებლესაც უარს ეტყოდნენ და იმ პირსაც, ვისაც უჭირს მეტყველება, რადგან სამედიცინო დაწესებულება თვლის, რომ "დონორი, რომელსაც მეტყველება უჭირს ... ხელს შეუშლის პროცესის სრულყოფილად წარმართვას". სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი დასძენს, რომ თუ ადამიანს "აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.. (ამ შემთხვევაში თუ ადამიანი მხოლოდ უსინათლოა), ჯობია ეს ადამიანი დაიცვა.. ეს იყო დიაგნოზი და არა დისკრიმინაცია".

მოსარჩელე:

"იმ მომენტში, როდესაც ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, უარი მითხრეს დონორობაზე, თავი დამცირებულად და არარაობად ვიგრძენი. გამიჩნდა სურვილი, რომ ეს პრობლემა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ ჰქონოდათ და მათ შორის, აღარც მე. იქვე რომ ვიცდიდი, ვფიქრობდი: ჩემი ოჯახის წევრს რომ ჭირდებოდეს სისხლი და მე ვიყო მისი სიცოცხლის გადამრჩენი და ვიღაც რომ მეუბნება, ვერ აგიღებ სისხლს - ჩემთვის შემზარავი ფაქტი  იყო. დავრჩი შეურაცხყოფილი, ნაწყენი, გაბზარებული, მინდოდა მეტირა".

თბილისის სამოქალაქო სასამართლომ სამწუხაროდ, სრულად გაიზიარა სამედიცინო დაწესებულების პატერნალისტური და სამედიცინო მოდელზე დაფუძნებული მიდგომა და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი, მთლიანად მოძველებულ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომებზე ააგო.

სასამართლომ ჩათვალა, რომ უსინათლო პირმა სარჩელში "მის მიმართ ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით განხორციელებულ დისკრიმინაციაზე მიუთითა" და არა შეზღუდულ შესაძლებლობაზე. სასამართლომ გაიზიარა სამედიცინო დაწესებულების ის მიდგომაც, რომ უსინათლო პირის შემთხვევაში, "დონორობაზე უარი არამცთუ უფლება არამედ, კანონისმიერი ვალდებულება" იყო. ასევე, გაიზიარა მსჯელობა, რომ უსინათლო პირს შეიძლება დამატებითი ზიანი მიდგომოდა სისხლის დონაციით, რადგან მისი "ცუდად გახდომის შემთხვევაში, დაწესებულებას გაუჭირდებოდა ნევროლოგიური სტატუსის დადგენა". შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, მის კეთილდღეობაზე "ზრუნვის" მოტივით, სასამართლომ აღნიშნულ საქმეში დისკრიმინაციის ნიშნები ვერ დაინახა.

მოსარჩელე:

"ეს იყო ჩემი დისკრიმინაცია, გამორჩევა ტიპური განვითარების ადამიანებისგან და სტერეოტიპის გამყარება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვართ ინვალიდები, არაფრის მომცემები, გაფუჭებულები, გადასაგდებები".

მიუხედავად იმისა, რომ თავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის თავდაპირველად, სასამართლო ამ უსამართლობის ჯაჭვში ყველაზე იმედის მომცემი რგოლი იყო. იგი აღმოჩნდა მაგალითი იმისა, რომ საქართველოს სასამართლოები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ გადაწყვეტილებებში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის თეორიული საფუძვლების ინკორპორირება მოახდინონ. 

შეზღუდული შესაძლებლობის თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მოდელზე დაყრდნობის გარეშე კი, ნებისმიერი მსჯელობა განწირულია კვლავ აწარმოოს ის სტერეოტიპები და სტიგმა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ისტორიულად არსებობდა და დღესაც არსებობს. 

 

ავტორი: ქეთევან ხომერიკი

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

სხვა სიახლეები