ფორუმი ინვალიდობის თემაზე
14 ივნისი, 2010 წ
შერატონ მეტეხი პალასი, თბილისი, თელავის ქ. 20
2010 წლის 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, თბილისში გაიმართება ფორუმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ თემაზე.
ღონისძიება დაიწყება ფოტო მასალების გამოფენითა და სოციალური კლიპების, სტატიების, დოკუმენტური ფილმების, ტელე- რეპორტაჟების, პროექტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დაცვაზე მიმართული აქტივობების პრეზენტაციებით. მოეწყობა "მრგვალი მაგიდის" ფორმატის დისკუსიები საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიისა და სხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით შემდეგ თემებზე:
** ჯანდაცვა, დასაქმება და სოციალური დაცვა;
** განათლება: ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
** ხელმისაწვდომი/ინკლუზიური გარემო/ინფრასტრუქტურა;
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თვითრეალიზაცია.
ღონისძიება დასრულდება საუკეთესო ნამუშევრების ავტორებისა და წლის ინტერესთა დამცველის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალით.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა მოხდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში "თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის", რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და "პირველი ნაბიჯი საქართველოსთან" ერთად.
გამოფენა:
გამოფენა საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაავრცელონ ინფორმაცია და წარმოაჩინონ ის აქტივობები, რომლებიც მათ განახორციელეს შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ თემებზე.
ასევე მიეცემათ საშუალება, წარმოაჩინონ თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიერ ან მათთვის შექმნილი პროდუქტები, როგორიცაა: ფოტოები, ვიდეო-მასალა, პროექტის აქტივობები, საზოგადოების ინფორმირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები, ლექსები თუ სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები, ტელე-რეპორტაჟები, ინტერესების დაცვის (ადვოკატირების) აქტივობები, სახელმძღვანელოები, სხვა რესურსები და ნივთები, ტექნიკური მოწყობილობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის.
გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ შემდეგ ორგანიზაციებს:
** რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები;
** სათემო ორგანიზაციები;
** სამთავრობო სტრუქტურები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები;
** მასმედია;
** ბიზნეს-სექტორი;
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები;
** სხვა დაინტერესებული პირები.
აქტივობების პრეზენტაციისათვის გამოყოფილი საგამოფენო სივრცე თითოეულ მონაწილეზე დაახლოებით 4 კვადრატული მეტრის ფართისაა. თითოეული მონაწილე მოთხოვნისამებრ უზრუნველყოფილი იქნება 1 მაგიდითა და 2 სკამით. თითოეული მონაწილის სახელი გამოსახული იქნება ქართულად და ინგლისურად. სტენდების გამოყოფა მოხდება ინდივიდუალურად. თითოეული სტენდის ზომა არ აღემატება 2 კვადრატულ მეტრს.
ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შემოიტანონ განაცხადი (იხილეთ დანართი) არაუგვიანეს 2010 წლის 31 მაისისა "კოალიციის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ოფისში:
მისამართი: თბილისი, კედიას ქ. 7
ტელ: 35 66 09
ელ.ფოსტა: office@disability.ge
თემატური დისკუსიები:
ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია თემატური დისკუსიების მოწყობა. დებატების ხანგრძლივობა ლიმიტირებულია. თითეული დებატი არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს.
დისკუსიები გაიმართება შემდეგ თემებზე:
** ჯანდაცვა და სოციალური დაცვა;
** განათლება: ხელმისაწვდომობა და ხარისხი;
** დასაქმება;
** ხელმისაწვდომი ინკლუზიური საზოგადოებრივი და კერძო გარემოს შექმნა;
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა მიერ საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზება.
დისკუსიებს ფასილიტაციას გაუწევს პროექტის გუნდი (ორგანიზაცია "გადავარჩინოთ ბავშვები", კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, "პირველი ნაბიჯი საქართველო"). სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, წარმართონ დისკუსიები, თუ ისინი წარმოადგენენ შემდეგ სტრუქტურებს:
** ინვალიდობის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე სამთავრობო უწყება;
** არასამთავრობო ორგანიზაცია (ქართული თუ საერთაშორისო)
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს ინვალიდობის სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება.
ორგანიზაციებმა უნდა გამოხატონ სურვილი განაცხადის საშუალებით არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა.
ფორუმის ორგანიზატორები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და აცნობებენ დაინტერესებულ ორგანიზაციებს ფასილიტაციის პროცესში მათი როლის შესახებ 2010 წლის 4 ივნისისათვის. ორგანიზაციები, რომლებიც ფასილიტაციას გაუწევენ დისკუსიებს, პასუხისმგებელნი იქნებიან "მრგვალი მაგიდის" ფორმირებაზე, შესაბამისი მომხსენებლებისა და სტუმრების მოწვევასა და ტემატური დისკუსიის ფასილიტაციაზე.
დაჯილდოების ცერემონიალი:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის ეროვნული დღის აღნიშვნა დასრულდება დაჯილდოების ცერემონიალით. თითოეულ ნომინაციაში საუკეთესოს გამოსავლენად ჩამოყალიბდება ჟიური - მთავრობის, მასმედიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებისაგან, ხელოვანებისა და ბიზნეს-სექტორში მომუშავე პირებისაგან - მთელი საზოგადოების მონაწილეობით, მათ შორის ბავშვები და ახალგაზრდები. ყველა გამარჯვებულს გადაეცემა სპეციალური პრიზი. დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 14 ივნისს, 16 საათზე.
გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში:
** საუკეთესო ფოტო;
** საუკეთესო სტატია;
** საუკეთესო სოციალური რგოლი;
** საუკეთესო ვიდეო რგოლი;
** საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
** საუკეთესო სახელმწიფო პროგრამის ხელმძღვანელი;
** ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტი;
** საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საუკეთესო პროექტი;
** შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დამცველი.
შეზღუდული შესაძლებლობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებმა და მონაწილეობის მიღებაში დაინტერესებულმა სხვა კერძო პირებმა, რომელთაც სურთ, წარადგინონ მათთვის სასურველი პირი სამოქალაქო ინტერესთა საუკეთესო დამცველის ნომინაციაზე, ეს უნდა გააკეთონ წერილობით (იხილეთ დანართი), სადაც დასაბუთებული იქნება ნომინირებული პირის
2009 წლის მიღწევები და აქტივობები.
ღონისძიებების გეგმა:
1. დაინტერესებული ორგანიზაციები წარადგენენ შევსებულ რეგისტრაციის ფორმებს ფორუმში მონაწილეობისა და წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტერესების დამცველის ნომინაციაში მათთვის სასურველი პირის წარსადგენად 2010 წლის 31 მაისამდე;
2. მოეწყობა ღია კარის დღე რეგისტრირებული მონაწილეებისათვის გამოფენა-ფორუმის შესახებ 2010 წლის 3 ივნისს;
3. ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას ნომინაციებში გამარჯვებულთა შესახებ არა უგვიანეს 2010 წლის 10 ივნისისა.
4. ფორუმი ინვალიდობის თემაზე - 14 ივნისი (11:00 - 16:00)
5. დაჯილდოების ცერემონიალი/ღონისძიების დახურვა - 14 ივნისი (16:00 - 18:00).