კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ხელოსნებისთვის ოთხდღიანი ტრენინგი ჩაატარა
მიმდინარე წლის 22-25 მაისს, კოალიციამ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საქართველოს ექვსი რეგიონიდან შერჩეული ხელოსნებისთვის ჩაატარა ოთხდღიანი ტრენინგი ეტლის შეკეთებისა და მოვლის საკითხებში.
ტრენინგის მიზანია ხელოსნების ტექნიკური გადამზადება და შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ეტლის შეკეთების მომსახურების მიწოდების არეალის გაფართოება. ხელოსნების შერჩევა მოხდა შემდეგი ექვსი ქალაქიდან: ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, გორი და თელავი.
ტრენინგის ექვსმა მონაწლემ ოთხი დღის განმავლობაში მიიღო თეორიული და პრაქტიკული ინფორმაცია ეტლის ტიპების, საქართველოს ბაზარზე არსებული მოდელების, მათი ფუნქციონირების, მახასიათებლების, ეტლის შემადგენელი კომპონენტებისა და სათადარიგო ნაწილების შესახებ. მონაწილეები, აგრეთვე, გაეცნენ ეტლის პრობლემის დიაგნოსტიკის აუცილებელ საფეხურებს და ეტლთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე რეაგირების გზებს და თავად სცადეს სათადარიგო ნაწილების შეცვლა.
ტრენინგი გაიმართა თბილისში, გრ. ლორთქიფანიძის 42-ში მდებარე კოალიციის ეტლების საწარმოში. ტრენინგს უძღვებოდა კოალიციის თავმჯდომარე გიორგი ძნელაძე; პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს საწარმოში მომუშავე ხელოსნებმა, რომელთაც რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვთ მექანიკური და ელექტრო ეტლის შეკეთება-წარმოებაში.
ტრენინგი ჩატარდა ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ ემორის უნივერსიტეტი (აშშ) და პარტნიორები: „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ), კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისთვის“ (PFID) „მაკლეინის ასოციაცია“ (MAC Georgia) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.