მინი მასტერკლასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის

A+
A-

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირთა მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის დროს", ქართულ ენაზე ითარგმნა "იუნისეფის" ვიდეო "მინი მასტერკლასი მშობლებისთვის", რომელშიც პროფესორი მორინ სამს-ვოგენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს რამდენიმე საჭირო რჩევას აძლევს, რათა დაეხმარონ ბავშვს პოტენციალის სრულად გამოვლენაში.  

რა უნდა გავაკეთო, როგორც მშობელმა, რომ ჩემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს დავეხმარო? რატომაა მნიშვნელოვანი ყურადღება ბავშვის შესაძლებლობებზე გავამახვილო?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს აქვს ძლიერი მხარე. ეს შეიძლება გამოვლინდეს მხატვრულ შემოქმედებაში, პიროვნულ თვისებებში, მოტორიკაში. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, მის შესაძლებლობებზე და არა შესაძლებლობის შეზღუდვაზე.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვების შესაძლებლობები, რათა დავეხმაროთ იმ სფეროში, რომელშიც ყველაზე მეტად უჭირს. 

როგორ ვეკონტაქტო ჩემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს?

ზოგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვს აქვს მეტყველების უნარი, ზოგს - არა. მაგრამ, მიუხედავად იმისა შეუძლიათ თუ არა მეტყველება, ისინი მაინც გვეკონტაქტებიან. მაგალითად, როცა ოჯახში ახალშობილი ჩნდება, იგი გვეკონტაქტება ისე, რომ არ ლაპარაკობს. თუმცა, თქვენ მაინც გებულობთ რა მოწონს მას და რა არა იმის მიხედვით, იღიმის ის, იცინის თუ ტირის.

იგივე ხდება იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების  შემთხვევაშიც, რომლებსაც ლაპარაკი არ შეუძლიათ. ისინი ღიმილით ან სიცილით გვეუბნებიან რა მოწონთ, ტირილით და მოწყენილი სახით კი, გვაჩვენებენ რა არ სიამოვნებთ.

რის გაკეთება შემიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ წავახალისო ჩემი შვილი და ხელი შევუწყო მისი ტვინის განვითარებას?

ბავშვის სტიმულირება ხდება ყველაფრით, რაც მის გარშემო ხდება. ბგერებით, ურთიერთკავშირით, თქვენი ღიმილით. ასე რომ, როცა თქვენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი თქვენ გვერდით იმყოფება, გამოყავით დრო მასთან სასაუბროდ. მარტივი ენით აუხსენით რას აკეთებთ, გაუღიმეთ და ესაუბრეთ იმაზე, რაც მის გარშემო ხდება.

იხმაურეთ და მასაც გაუჩნდება რეაქცია ხმაურზე

ყველაფერში, რასაც აკეთებთ, იქნება ეს სახლში ყოფნის დროს თუ საოჯახო საქმის კეთებისას,  ჩართეთ თქვენი შვილი.

შეიყვანეთ ბავშვი იმ ოთახში, სადაც საქმიანობთ. უთხარით, რას აკეთებთ: ჭურჭელს რეცხავთ, თეფშებს ავლებთ წყალში, ზუსტად აუხსენით რა მოქმედებებს ახორციელებთ. ეს ყველაფერი მისი ტვინის სტიმულირებას შეუწყობს ხელს. აგრეთვე, შეგიძლიათ თქვენი შვილი მასთან ერთად თამაშით წაახალისოთ, ერთად დაამზადოთ პატარა სათამაშოები, ჩაყაროთ კენჭები ბოთლში და შეანჯღრიოთ, თვალებთან აუფრიალოთ ფერადი ლენტები. სახლის პირობებში ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ.

შემიძლია თუ არა ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ძუძუთი ვკვებო?

ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის, მაგრამ განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  ბავშვებისთვის.

ძუძუთი კვება მნიშვნელოვანია ბავშვის ზრდისთვის, მისი კვებისთვის და ტვინის განვითარებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს ჩვეულებრივ შეუძლია იკვებოს ძუძუთი, თუმცა, ეს ყველა მათგანს არ შეუძლია. მათ, ვისაც ძუძუთი კვება არ შეუძლიათ, უნდა მიეცეთ დედის რძე გამოწველილი სახით, რადგან დედის რძე მართლაც საუკეთესოა.

რატომაა ბავშვის სიცოცხლის პირველი წლები ასე საყურადღებო?

სიცოცხლის პირველი წლები ყველა ბავშვის შემთხვევაში საყურადღებოა, მიუხედავად იმისა არის თუ არა ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. როდესაც ჩვენ ადრეულ წლებში ვახდენთ ტვინის სტიმულირებას, ვრწმუნდებით, რომ ტვინი  მისი სრული პოტენციალის შესაბამისად ვითარდება. ვრწმუნდებით, რომ ბავშვი შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ ვითარდება და ასე ხდება, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების, ისე - არა- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევაში.

როგორ ვეთამაშო ჩემს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  შვილს?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისევე უყვართ თამაში, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს. მათ სიამოვნებთ როცა უკითხავთ წიგნებს, აჩვენებთ სურათებს, უღიტინებთ, ეხუტებით, გულში იკრავთ. ამ დროს ისინი სიცილით გვპასუხობენ და გვიღიმიან. თუ მათ არ მოეწონებათ რომელიმე კონკრეტული თამაში, ისინი აუცილებლად მიგანიშნებენ. შეწყვეტენ სიცილს, აღარ გაგიღიმებენ. ამ დროს სხვა რამე უნდა სცადოთ. თქვენ აუცილებლად მიაგნებთ მისთვის სასიამოვნო პროცედურას, იმიტომ რომ ყველაზე უკეთ იცნობთ საკუთარ შვილებს.

რა გავაკეთო, თუკი დრო არ მაქვს ბავშვს ვეთამაშო და ვერც სათამაშოებს ვყიდულობ?

თუ ბავშვთან სათამაშოდ ბევრი დრო არ გაქვთ, მაშინ სახლში ოჯახის სხვა წევრები გეყოლებათ, რომლებსაც თქვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილთან თამაში შეუძლიათ. დებისა და ძმების გარემოცვაში ყოფნა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ისინი ხელს უწყობენ მათ სტიმულირებას, რადგან ბევრს ელაპარაკებიან და ეთამაშებიან. არ იმჩნევენ თავიანთი დედმამიშვილის შესაძლებლობის შეზღუდვას და ეთამაშებიან მას ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ბავშვს.

რას ურჩევდით იმ მშობლებს, რომლებსაც ეჭვი აქვთ საკუთარი შვილის შეზღუდულ შესაძლებლობაზე?

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შვილს შესაძლოა, შესაძლებლობის შეზღუდვა ჰქონდეს,  მიმართეთ უახლოესი სამედიცინო სერვისის პროვაიდერს და გაუზიარეთ თქვენი ვარაუდი. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენი შეშფოთება შეიძლება სულაც არ იყოს საფუძვლიანი.

ან ბავშვს მართლაც დაუდგინდეს შესაძლებლობების შეზღუდვა.

მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს მოსიყვარულე გარემო შევუქმნათ

ბავშვები, რომლებიც ხედავენ სითბოსა და სიყვარულს, თავადაც თბილ და მოსიყვარულე ადამიანებად ყალიბდებიან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი, რომელიც სითბოს და სიყვარულს ხედავს, გაიზრდება ისეთ პიროვნებად, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობის შეზღუდვა, მაგრამ იქნება კარგი ადამიანი და მის გვერდით ყოფნა ყველას ესიამოვნება. 

 

წყარო:Caring for children with disabilities: Mini Parenting Master Class

 

 

 "ეს მასალა შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს."

 

 

სხვა სიახლეები

"ოპერატორები დოკუმენტზე ხელის მოწერას სახელის და გვარის სრული დაფიქსირებით მთხოვენ, ეს კი, ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის გამო, არ შემიძლია" - ოთო დარბაისელის ბლოგი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სანოტარო მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები