სპეციალური ანგარიში „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“

სპეციალური ანგარიში „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“

A+
A-

2020 წლის 13 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა ონლაინ წარადგინა სპეციალური ანგარიში "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში".

ანგარიში 12 ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში, 3 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზრდასრულთა პანსიონატში და 6 სათემო ორგანიზაციაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ეყრდნობა და აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებს წარმოაჩენს.

"საქართველოში პირველად ჩატარდა მსგავსი მოკვლევა, რომელმაც გამოკვეთა სისტემური პრობლემები, რასაც ქალი ბენეფიციარები ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში აწყდებიან სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების განხორციელების თვალსაზრისით," - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ონლაინ პრეზენტაციაზე თავის მისასალმებელ სიტყვაში.

"გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და რეპროდუქციული უფლებების რეალიზების მხარდაჭერა. სახალხო დამცველთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ერთობლივად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ქალს მიუწვდებოდეს ხელი მისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე. კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, ხაზს უსვამს არსებულ პრობლემებს და ნათლად აჩვენებს, თუ რა მიმართულებით არის საჭირო მუშაობის გაძლიერება." - აღნიშნა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თავის მისასალმებელ სიტყვაში ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან სამინისტროს სახელით გამოთქვა მზაობა, კვლევის ანგარიშში მოყვანილ მიგნებებზე განახორციელოს შესაბამისი საპასუხო რეაგირებები, როგორც დაუყოვნებლივი გადაწყვეტილებების მიღების, ასევე, გრძელვადიანი პოლიტიკის გატარების გზით.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა ნინო ვალიკოვმა და ექსპერტებმა ლელა შენგელიამ და მარინე კურატაშვილმა კვლევის მიგნებები წარმოადგინეს.

ანგარიშის მიხედვით შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლებითაც ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები ხელმძღვანელობენ, ძირითად შემთხვევაში, მოძველებულია; მათში არ არის ასახული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კომპონენტები
  • რეპროდუქციული ასაკის ქალისთვის მედიკამენტების დანიშვნისას უპირატესობა ყოველთვის ფსიქიკური მდგომარეობის მართვას ენიჭება, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მკურნალობის მოცემული მეთოდის შესაძლო უარყოფითი გავლენის გაუთვალისწინებლად
  • დაბალია როგორც დასაქმებულთა, ასევე, დაწესებულებაში მოთავსებულ პაციენტთა ინფორმირებულობის დონე ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებების შესახებ
  • გინეკოლოგის კონსულტაციები უმეტეს შემთხვევაში, ფორმალურ და ზედაპირულ ხასიათს ატარებს
  • პრობლემურია ლაბორატორიული კვლევების ხელმისაწვდომობა
  • გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებებში ბენეფიციარებს შორის მომხდარი ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მათზე სათანადო რეაგირება, ასევე, დაწესებულებებში არსებული ჰიგიენურ/სანიტარული მდგომარეობა
  • ხარვეზები გამოვლინდა სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების ასახვის მიმართულებითაც

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შესაბამისი უწყებები გაითვალისწინებენ კვლევის შედეგად შემუშავებულ რეკომენდაციებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები ქალთა უფლებრივ მდგომარეობას.

ანგარიში მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით.

 

სხვა რესურსები

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და სექსუალობა: მოკლე მიმოხილვა

  • სექსუალობა შეზღუდული შესაძლებლობის მოდელების ჭრილში

  • “სპეციალური მოსარჩელე” საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში