ინკლუზიური განათლება - გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის
კოალიციამ გამოსცა სახელმძღავნელო, რომელიც მომზადდა პროექტის - «ახალგაზრდათა ჯგუფების მონაწილეობით სამოქალაქო დიპლომატიის განვითარება ინვალიდთა უფლებების დაცვის სფეროში» - ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მეშვეობით ბელგიის მთავრობის დაფინანსებით.
broshura.jpg

წინასიტყვაობა

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ინვალიდები) დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანთა ესოდენ მნიშვნელოვანი ჯგუფი უმეტეს ქვეყნებში იმყოფება უმცირესობაში - მათი უფლებები და ინტერესები დღემდე იგნორირებულია უმრავლესობის მხრიდან. ამჟამინდელი დამოკიდებულება, ინვალიდობის მქონე ადამიანებსა და ინვალიდობაზე, საქართველოში – არის ქართული საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცნობიერების განვითარების შედეგი, რომელიც ემყარება სოციალურ, რელიგიურ და ეკონომიკურ ფაქტორებს.
 
ბრძოლა არსებობისათვის, ხშირი ომები და ძალისმიერი შრომის დომინირება ბაზარზე კანონზომიერად ამკვიდრებდა ფიზიკური სიძლიერის, ორგანიზმის ფუნქციონალური და გონებრივი სრულყოფილების კულტს. დამახინჯებული მიდგომა ინვალიდობაზე გაამყარა საბჭოური რეჟიმის მრავალწლიანმა ბატონობამ, როდესაც ადამიანის ინვალიდად ცნობა ხდებოდა ძირითადად სამედიცინო დიაგნოზის საფუძველზე, ხოლო ინვალიდობის ხარისხი გაიგივებული იყო შრომის უნარშეზღუდულობასთან და განისაზღვრებოდა სამედიცინო - შრომითი კომისიის ექსპერტების მიერ. ადამიანები, რომლებიც არ თავსდებოდნენ შესაბამის ფიზიკური და გონებრივი უნარების სტანდარტებში, რეალურად კარგავდნენ საზოგადოებაში თვითდამკვიდრების შესაძლებლობას და მათი არსებობა დამოკიდებული ხდებოდა სხვებზე. ასე ყალიბდებოდა და მკვიდრდებოდა საქართველოში დღეს სებული მიდგომა ინვალიდობაზე, რაც გულისხმობ ინვალიდობის მქონე ადამიანთა უუნარობას იცხოვრონ დამოუკიდებლი ცხოვრებით, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები, სხვებთან ერთად, ჩვეულებრივ სასწავლო დაწესებულებებში მიიღონ განათლება და დასაქმდნენ ჩვეულებრივ საწარმოებში და ორგანიზაციებში ინვალიდობის არმქონე სხვა თანამშრომლებთან ერთად. მუდმივ მზრუნველობაზე, დახმარებაზე, გარშემომყოფთა ნებაზე, ქველმოქმედებაზე და მხარდაჭერაზე დამოკიდებული, შრომის უუნაროაი რიგი იმ  სტერეოტიპებისა, რომლითაცდააჯილდოვა საზოგადოებრივმა აზრმა ინვალიდობის მქონე ადამიანები და შესაბამისად პირობებს, რომელსაც სთავაზობს დღეს საზოგადოება ინვალიდებს საქართველოში, ემყარება სწორედ ამ ცრუ-წარმოდგენებს და აძლევს მათ არჩევანსიყვნენ ფიზიკურად და მატერიალურად დამოკიდებულნი ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და ნათესავებზე, ან იყვნენ სახელმწიფო ხარჯზე, იზოლირებულნი დანარჩენი საზოგადოებისგან სახლში, ან სპეციალურ დაწესებულებებში.
 
ათეულობით წლის განმავლობაში, დემოკრატიულ - ”გაბრწყინებულ” ქვეყნებში, ბატონობდა ანალოგიური დამოკიდებულება და მიდგომა ინვალიდების მიმართ. მხოლოდ 60-იან წლებში, ინვალიდთა მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად ამერიკიშეერთებულ შტატებში საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიას, ხოლო 60-იანი წლების დასასრულისა და 70-იანი წლების დასაწყისისთვის, გაუგონარი პოლიტიკური და სოციალური გააქტიურების შედეგად, სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა ინვალიდებმა მიაღწიეს საკმაოდ დიდ წარმატებებს თანაბარუფლებიანობის მხრივ, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ გაეუმჯობესებინათ საკუთარი ყოფა და ეცხოვრათ ღირსეული ცხოვრებით.
 
ინვალიდთა მოძრაობა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. ეს მოძრაობა იძენდა სულ უფრო და უფრო ახალ გამოხატულებებს იმისდა მიხედვით, თუ რა ტრადიციების მატარებელ საზოგადოებაში უწევდა მას დამკვიდრება. თუმცა დამოუკიდებელი ცხოვრების იდეოლოგიის ძირეული დებულებანი - უფლება თავისუფალ არჩევანზე, თვითდახმარებაზე, თვითგამორკვევაზე, საკუთარი უფლებების აღდგენაზე - უცვლელი დარჩა ყველა ქვეყანაში. საქართველო - პატარა ქვეყანაა, რომელმაც გამოიარა ძალიან რთული ისტორიული ცხოვრების გზა. ჩვენი ქვეყნის ხალხმა კარგად იცის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, შემწყნარებლობის და ურთიერთპატივისცემის ფასი, თუმცა კომუნისტურ - ბოლშევიკური რეჟიმის მრავალწლიანმა ბატონობამ მაინც დატოვა თავისი ნეგატიური კვალი ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივ ცნობიერებაში. მან მემკვიდრეობით მიიღო ნიჰილისტური დამოკიდებულება და მიდგომა სამოქალაქო აქტივობაში საკუთარი როლის, ცალკეული მოქალაქის, ან სოციალური ჯგუფის უფლებათა დისკრიმინაციის, სახელმწიფოებრივი ძალადობის, კანონიერების ტოტალური გაუფასურებისა და უკვე ერთგვარ სისტემად ქცეულ, ღიად თუ ფარულად გამოხატული კორუფციული ურთიერთობების მიმართ. ინვალიდობის მქონე ადამიანები საქართველოს მოქალაქეთა არც თუ ისე მცირედ ნაწილს შეადგენენ.
 
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით 2005 წლისთვის მათი რიცხვი 231 280 პირს შეადგენს. საქართველოში 1995 წლის 14 ივნისიდან მოქმედებს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ, რომელიც განისაზღვრება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1975 წლის 9 დეკემბრის დეკლარაციით «შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ». მის მიერვე 1993 წლის 20 დეკემბერს მიღებული «ინვალიდთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სტანდარტული წესებით».
 
მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სტანდარტულ წესებს ჩვენს ქვეყანაში ამოქმედებისათვის კანონიერი ძალა აქვს მინიჭებული, დღემდე არ არსებობს სოციალური უსაფრთხოებისა და განვითარების სისტემა, რომელიც აღადგენდა ინვალიდობის მქონე პირთა თანაბარ სამოქალაქო უფლებებსა და შესაძლებლობებს სატრანსპორტო, საგზაო, არქიტექტურული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურით, განათლების სისტემით და დასაქმებით თანაბარი პირობებით სარგებლობაზე. შედეგად, ინვალიდობის მქონე ადამიანების და მათი ოჯახის წევრების დიდი ნაწილი მოკლებულია, ან საერთოდ არ გააჩნია ეკონომიკური აქტივობა და იმყოფება სიღატაკის ზღვარზე. მათთვის ხელმისაწვდომია და პრაქტიკულად ხდება ერთადერთი უფლების გამოყენება - უფლება მიიღონ ინვალიდობის პენსია, სოციალური კომპენსაცია უმწეოთათვის და ე.წ. შეღავათები ენერგორესურსების მოხმარებაზე, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ნარჩენობითი პრინციპით და ატარებს სიმბოლურ ხასიათს. არარსებული სოციალური პოლიტიკა კი მხოლოდ უმყარებს მათ წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ მომხმარებლურ ბუნებას და აძლიერებს მათი, როგორც სოციალური ჯგუფის მარგინალიზაციის ხარისხს.
 
სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან ერთად საქართველოში ძლიერდება ინვალიდთა მოძრაობაც, რომელიც ცდილობს დაიცვას ინვალიდთა უფლებები, დაამკვიდროს ჩვენი საზოგადოებისათვის და სახელმწიფოსთვის ახალი - თანამედროვე მიდგომა, რომლის მიხედვითაც ინვალიდობა უპირატესად უნდა განიხილებოდეს სოციალურ და არა სამედიცინო პრობლემად და, რომ საჭიროა, შევცვალოთ არა თითოეული ინვალიდი, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი აზრი, კანონმდებლობა და მატერიალური გარემო. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ინვალიდებმა და მათი ოჯახის წევრებმა გამოიჩინონ ინიციატივა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დონეზე საკუთარი უფლებების აღდგენაში, რათა ასევე დაცული იქნეს სხვათა კანონიერი უფლებები და ინტერესები.
 
კოალიცია «დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის» შეიქმნა 1997 წელს საქართველოში მოქმედ, ინვალიდობის სხვადასხვა ფორმის მქონე ადამიანთა მიერ შექმნილ არასამთვრობო ორგანიზაცითა გამოცდილების ბაზაზე, ხოლო 2003 წელს კოალიციამ საკუთარი მოქმედების გააქტიურების მიზნით გაიარა სახელმწიფო რეგისტრაცია და ინვალიდობის მქონე პირთა და ორგანიზაციათა გაერთიანება უკვე მოხდა «დამოუკიდებელი ცხოვრების» იდეის ირგვლივ.
 
კოალიციამ საკუთარი საქმიანობის, არც თუ დიდი ხნის მანძილზე, შეიძინა და დღემდე აქტიურ თანამშრომლობას ეწევა ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორ ორგანიზაციებთან: «ინვალიდობის მსოფლიო ინსტიტუტი» (აშშ), ინვალიდთა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაცია «პერსპექტივა» (რფ), ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია «ლოტოსი» (აზერბაიჯანი), ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია «იმედის ხიდი» (სომხეთი), ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაცია «ხაიოტი» (უზბეკეთი). კოალიცია, ასევე აქტიურად თანამშრომლობს აფხაზეთში-სოხუმში მოქმედ ინვალიდთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციასთან სახელწოდებით «აისი» და ქ. ზუგდიდში მოქმედ ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაციასთან «დეა».
 
სწორედ ამ და კოალიციაში გაერთიანებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის შედეგს წარმოადგენს წინამდებარე სახელმძღავნელო, რომელიც მომზადდა და გამოიცა პროექტის - «ახალგაზრდათა ჯგუფების მონაწილეობით სამოქალაქო დიპლომატიის განვითარება ინვალიდთა უფლებების დაცვის სფეროში» - ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მეშვეობით ბელგიის მთავრობის დაფინანსებით. მათი მხარდაერით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა მცირედი წვლილი შეგვეტანა ინვალიდთა უფლებების დაცვასა და მათი ყოფის გაუმჯობესების საკითხში, რისთვისაც კოალიციის სახელით მადლობას მოვახსენებ მათ...
 
ამ სახელმძღავნელოს გამოცემით კოალიცია არ აცხადებს პრეტენზიას, რომ იგი მთლიანად მოიცავს და განმარტავს ინვალიდობის საკითხებს... კოალიცია კვლავაც აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოში დამოუკიდებელი ცხოვრების იდეის დასამკვიდრებლად. მოხარული ვიქნებით მივიღოთ ჩვენი მკითხველისაგან კომენტარები და გამოხმაურებები. იმედია, რომ სახელმძღვანელო სარგებელს მოუტანს ამ საკითხებზე მომუშავე: პედაგოგებს, მედიის, ხელისუფლების, არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ინვალიდებს და მათი ოჯახის წევრებს... რომელთა მოქმედებაზეც დამოკიდებულია ინვალიდობის მქონე ადამიანთა ყოფის გაუმჯობესება... ”გაუმჯობესებაში” კი ჩვენ ვგულისხმობთ ინვალიდთა დამოუკიდებლობას და თანაბარუფლებიანობას. ალბათ მკითხველიც დაგვეთანხმება ამაში...  
 გისურვებთ წარმატებებს!...  
 
კობა ნადირაძე
აღმასრულებელი დირექტორი