ისტორია

საქართველოში შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა 80–იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა ქვეყანა ეროვნული განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტალღამ მოიცვა. 90–იანი წლებიდან ის ძირითადად საპროტესტო ხასიათს ატარებდა.

აქციები (მათ შორის შიმშილობის) იმართებოდა საქართველოს პარლამენტთან, კანცელარიასთან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და სახალხო დამცველის ოფისთან. შშმ პირები, მათი უფლებების პატივისცემას, თანაბარ შესაძლებლობებს და ღირსეული თანაცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს ითხოვდნენ.

მაშინ მოხდა სხვადასხვა ფორმის შეზღუდვის მქონე ორგანიზაციების (უსინათლოების, სმენის არმქონეთა, ეტლით მოსარგებლეების, მშობლების, შშმ პირთა სპორტის და სხვა) გაერთიანება, რომლებიც ხელისუფლებისგან არა ცალკეული სერვისების მხარდაჭერას, არამედ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ.

1997 წელს „ შშმ პირთა ლიგის“ თაოსნობით შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინატო საბჭო, რომელიც 1999 წელს, როგორც საზოგადოებრივი გაერთიანება, დაფუძნდა და ეწოდა „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. კოალიციამ ხელახალი რეგისტრაცია გაიარა 2003 წელს. დღეს მის შემადგენლობაში შედის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე 28 არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

კოალიცია აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის ყველა კატეგორიაზე მომუშავე ორგანიზაციებს, ამასთანავე რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო გაერთიანების წევრი ორგანიზაცია მათ შორის: აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, დამოუკიდებელი ცხოვრების ევროპული ქსელი, შეზღუდული შესაძლებლობის მსოფლიო კავშირი  და შეზღუდული შესაძლებლობის ევროპული ფორუმი.